თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს კლინიკებში პაციენტების ნაცნობობით მოხვედრას
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე კლინიკებში Covid-ინფიცირებული პაციენტების ნაცნობობით მოხვედრას არ გამორიცხავს.
„[არის შესაძლებლობაა] რომ მოხვდნენ ობიექტური კრიტერიუმებით და რიგითობით, ანუ ვისაც მოიყვანს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ან სასწრაფო დახმარების მანქანა, ან მოვა თვითდინებით, მძიმედ. ვცდილობთ, მაგრამ ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს მთლიანად, რომ ვიღაცა ვიღაცას იცნობს, ვიღაცა ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს, ან ახლობლობით, ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა“, - თქვა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ თბილისზე მოდის. გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 061-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა.
სულ გამოჯანმრთელებულია 121 621. ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 342-მდე გაიზარდა.