მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს …
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ ორი პარტიის – „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს და დაგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, საქართველოს პარლამენტში ყველა შევა.
„თუკი ვინმე რაციონალურად, სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არამხოლოდ კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, თუკი ვინმე მიხვდება, რომ ორი პარტიის – ე.წ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს, ნარატივს, მესიჯბოქსს და დაგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში.
ჩემი აზრით, საბოლოდ გაირღვევა ეს მოჯადოებული წრე და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ისინი საქართველოს პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ „პატრიოტთა ალიანსს“, რომლის სამი წევრი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებაზე თანხმობა შესაძლოა მათმა ადგილმონაცვლეებმა თქვან, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ პარლამენტში ვინ შევა და ვინ არა, ამ მხრივ „პატრიოტთა ალიანსთან“ კონსულტაცია არ ჰქონიათ.
„ვიცით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთადერთი პარტია, რომლის სიაც არ არის ჩახსნილი და სიის მომდევნო წევრები აცხადებენ მზადყოფნას შემოვიდნენ პარლამენტში.შესაბამისად, საგამონაკლისო ვერსია გამოდიოდა და ბუნებრივია, ტექნიკური თუ ფორმალური საშუალებებით უარს არ და ვერ ვეტყოდით მათ პარლამენტში შემოსვლაზე ანუ ეს არის პროცედურა, სადაც ვიღაცას ეხსნება უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, ვიღაცას საშუალება ეძლევა პარლამენტში შემოვიდეს. ამ მარტივი პროცედურის გამო ჩვენ უფრო ადრე განვიხილეთ მათი საკითხი, ვიდრე სხვა დეპუტატების, რომლებთან დაკავშირებითაც ამავდროულად ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, უფლებამოსილება არ შევუწყვიტოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.