ბელარუსში მეექვსე თვეა ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, ლუკაშენკა ცვლილებებზე ბუნდოვან დაპირებებს იძლევა
![ბელარუსში მეექვსე თვეა ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, ლუკაშენკა ცვლილებებზე ბუნდოვან დაპირებებს იძლევა](https://gdb.rferl.org/1D15C0CD-5EF8-42E4-A4BB-82DCF789C2E4_w800_h450.jpg)
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტანა ციხანოუსკაიამ 10 იანვარს უარყო ალექსანდრ ლუკაშენკას განმეორებითი დაპირება წლის ბოლოსთვის ახალი კონსტიტუციის წარმოდგენის და ამაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
„მხოლოდ ერთი კონსტიტუცია შეიძლება მივიღოთ ბელარუსში, ხალხის კონსტიტუცია. ხალხმა უნდა დაწეროს ის და იმსჯელოს მასზე. ადამიანს, რომელიც ბელარუსების მიმართ ტერორის გზას დაადგა, არაფერი აქვს საერთო ქვეყნის მთავარ კანონთან, თქვა ციხანოუსკაიამ, რომელმაც ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ბელარუსებს აღარ სჯერათ ლუკაშენკას დაპირებებისა.
ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ოპოზიციამ უკვე თქვა, ის არ აღიარებს ლუკაშენკას პრეზიდენტად და არ მიიღებს მის საკანონმდებლო მცდელობებს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, წერს ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. მისი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება და ახალი კონსტიტუციის მიღება მოხდება წლის ბოლოსთვის, მაგრამ ლუკაშენკას გარეშე. ციხანოუსკაიას ოფისმა უკვე განაცხადა, რომ მალე წარმოადგენს ახალი კონსტიტუციის პროექტს საჯარო განხილვისთვის.
ციხანოუსკაიას კომენტარი მოჰყვა ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებას რუსეთი ტელეარხ როსია-1-თან საუბარში, რომ ბელარუსის ახალი კონსტიტუცია მზადდება და წლის ბოლოსთვის მისი პროექტის გარშემო გაიმართება რეფერენდუმი.
ბელარუსის ქალაქებში 10 იანვარს გრძელდებოდა ტრადიციული საკვირაო ანტისამთავრობო გამოსვლები. დამოუკიდებელი ახალი ამბების პორტალის, TUT.BY-ს თანახმად, მშვიდობიანი საზოგადოებრივი გამოსვლები იმართებოდა მინსკის მიკრორაიონებსა და სხვა ქალაქებში.
როგორც წინ საკვირაო აქციების დროს, მობილური ინტერნეტი არ მუშაობს, გაჩერებულია მეტრო. მოხალისეები იტყობინებიან, რომ ქალაქ ჟორდინოში კვლოავ საპატიმროში ჰყავთ 40 პირი, რომლებიც ახალ წლამდე დააკავეს. რ
ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხიმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.