მერკელის პარტია ახალ ლიდერს ირჩევს
გერმანიის კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა დაიწყო ინტერნეტში მიმდინარე შეხვედრა, რომელზეც 16 იანვარს ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ - ამ კენჭისყრით იწყება კანცლერ ანგელა მერკელის შემცვლელის შერჩევა, იმ პერიოდისთვის, როცა ის მიმდინარე წელს პოსტს დატოვებს.
პარტიის ლიდერის პოზიციისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - არმინ ლაშეტი, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის პრემიერი, ფრიდრიხ მერცი, კორპორაციული იურისტი და ნორბერტ რიოტგენი, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. კორონავირუსის პანდემიის გამო, კამპანიის მსვლელობაში მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არც ერთ კანდიდატს არ მიუღწევია, და კენჭისყრის ბედი ღია რჩება.
კენჭისყრა ემთხვევა მნიშვნელოვან წელს გერმანიის პოლიტიკისთვის, სადაც სექტემბერში საყოველთაო არჩევნებია დანიშნული. ანგელა მერკელი აპირებს გადადგეს, კანცლერად 16 წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელი, წესით, ლიდერი იქნებოდა საარჩევნო კამპანიაში, როგორც ამ პარტიის და მისი ბავარიული მოკავშირის, ქრისტიანულ-სოციალური კავშირის კანცლერობის კანდიდატი. თუმცა წელს საარჩევნო კამპანიაში ამ ორი პარტიის ლიდერობის სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ - ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ლიდერი და ბავარიის პრემიერი, მარკუს ზიოდერი და იენს შპანი, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი. ორივე მათგანმა ქება დაიმსახურა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.