ზაზა გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ოჯახი დახმარებას ითხოვს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. „ეხო კავკაზას" რეპორტიორის ცნობით, სხდომაზე რამდენიმე მოწმე და თავად განსასჯელი დაკითხეს. გახელაძის ცოლის ინფორმაციით, პროცესი 25 იანვარს გაგრძელდება.
გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" გულისხმობს. ზაზა გახელაძის ოჯახში სასამართლო პროცესის ჩატარებას დიდხანს ელოდნენ. დაკავებულის დედა, ნანა ბუნტური დახმარებას ითხოვს: „ზაზას გათავისუფლებას მოვითხოვთ პირველ რიგში. უკვე გაუსაძლისია ჩვენი მდგომარეობა. როდემდე გავუძლებთ, არ ვიცით. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია, დაგვეხმარეთ“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხინვალში, პროცესის დასრულებისთანავე სპეციალური განცხადება გაავრცელა. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 18 იანვარს გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიორიაზე, სადაც ზაზა გახელაძის დაკავება მოხდა, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ საპროტესტო აქციები დააანონსა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.