სერბია გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ იყენებს ჩინური წარმოების ვაქცინას
სერბია გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიზაციის მასობრივი კამპანია დაიწყო ჩინეთის წარმოების სინოფარმის ვაქცინით. პირველ ეტაპზე ბელგრადში აიცრებიან ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და ასობით სამხედრო.
"ეს არის ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ერთადერთი გზა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზლატიბორ ლონცარმა 19 იანვარს, როცა გახდა პირველი პირი, რომელსაც ვაქცინა გაუკეთეს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში. "ეს ძალიან უსაფრთხო ვაქცინებია" - დასძინა მან.
სინოფმარმის ვაქცინის შესახებ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში უთანხმოება წარმოიშვა. ჩინეთმა ამ პრეპარატის გამოყენება გასული წლის მიწურულს დაამტკიცა, თუმცა მისი უსაფრთხოების შესახებ დეტალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა. თავად მაწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ შუალედური მონაცემებით პრეპარატის ეფექტიანობა 79 პროცენტს უტოლდება. ეს მონაცემი ჩამოუვარდება დასავლეთში წარმოებულ ვაქცინებს, რომელთა ეფექტიანობა 95 პროცენტამდეა.