ბებო
“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.
ბებო
მეუღლის დახვრეტის შემდეგ მარო ბებია მარტო დარჩა, სამი ქალიშვილის ამარა. განიცდიდა, უსაფლავო კაცის ქვრივი ვარო, ამბობდა. ცუდი დრო იყო. ყველას უჭირდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ცხოვრებას არ შეუშინდა – ქარგავდა, ქსოვდა, კერავდა და თავს არ ზოგავდა, შვილებს ობლობა რომ არ ეგრძნოთ. სახლ – კარი კარგი ჰქონდათ, კარმიდამო მოვლილი, საღამოს დასხდებოდნენ ფანჯარასთან და ტკბილად მღეროდნენ. ერთმანეთს არ ვუტყდებოდით, თორემ გულში ოთხივეს გვეშინოდა დაღამების და შიშს სიმღერით ” ვებრძოდითო,” მიყვებოდა დედაჩემი.
თურმე ურჩი გურულები ახალ მთავრობას არ ეპუებოდნენ და ტყე სავსე იყო ფირალებით, ახალი დროების მსახურთ მოსვენებას არ აძლევდნენ – ხან შინ ესხმოდნენ თავს და ხან შარაგზაზე. ერთ დღეს ბებიას ცუდი ამბავი შეატყობინეს, ერთადერთი ძმა ჰყავდა ბათუმში, ღამით ქუჩაში დახვედრიან ყაჩაღები და მოუკლავთ. გულშემოყრილმა სასწრაფოდ ჩარაზა სახლის კარი, გოგოები მეზობელს ჩააბარა და წავიდა. ხუთ დღეში დაბრუნდა უკან, მაგრამ სახლის კარი ღია დახვდა და ოთახი არეული. ბუხარი დანახშირებული კუნძებით იყო გამოტენილი, იატაკზე პაპიროსის ნამწვავები ეყარა, სუფრაზე კი საჭმლის ნარჩენები და ცარიელი ბოთლები. შეშინებულმა მეზობლებს დაუძახა, ნახეთ, ქურდებს რა დღეში ჩაუგდიათ აქაურობაო, და სხვა რამ გულშიაც არ გაუვლია. დილით კი ვიღაცამ პოლიციაში დაასმინა, წეროძის ქალი ფირალებს “მასპინძლობსო”. ჰოდა, ჩემი ლამაზი ბებია საციხოდ გაიმეტეს. 6 თვე ქვის იატაკზე წოლილა საბრალო, თვალზე ცრემლი არ შეშრობია და ცოცხალმკვდარი გამოიყვანეს იქიდან. ბევრს ეცადნენ შვილები, მაგრამ ფეხზე ვეღარ დააყენეს. გულის მანკმა და განგრენამ სიცოცხლე ჯოჯოხეთად გადაუქცია. ბოლოს ტკივილებს ვეღარ უყუჩებდნენ, ტანჯვაში აღამებდა და ათენებდა. მეზობლები მხარში ედგნენ გამწარებულ ოჯახს, მარტო არ სტოვებდნენ და უცნაური ამბის მომსწრენიც გახდნენ.
ერთხელ, გამთენიისას ბებომ უცებ მოიკეთა, როგორა ხარო, ჰკითხეს, ძალიან კარგად, აღარაფერი მტკივაო, მერე ჩონგური მოითხოვა და ამღერდა…ამის შემყურე შვილები და მეზობლები ატირებული გაცვივდნენ გარეთ, მეც გამეღვიძა, მაგრამ არავის გავხსენებივარ, ლოგინში წამომჯდარი გახარებული ვაცეცებდი თვალებს….ასე სიმღერით დაგვემშვიდობა ჩემი 43 წლის ბებო და წავიდა იმ ქვეყნად. გასვენებაში მეზობლები ჩურჩულებდნენ, საცოდავი, მოკვდა და დაისვენაო…მე, რა თქმა უნდა, ვერ გავიგე, სად მიჰყავდათ და სად უნდა დაესვენა, მაგრამ გული ამიჩუყდა და ავიკელი იქაურობა, სასაფლაოზე რომ არ წამიყვანეს…