უცხო კაცი
“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.
უცხო კაცი
საიდან დავიწყო?… დავიწყებ იმ დღით, როცა ჩვენს ოჯახში უცხო კაცი უნდა შემოსულიყო. 12 წლის ვიყავი, დედა რომ გათხოვდა. არასოდეს დამავიწყდება ის დილა, როცა მამაჩემის დედა, ჩემი რაჭველი ბებია ჩემოდანს ალაგებდა და ვაჟიშვილთან გადასასვლელად ემზადებოდა, საღამოთი კი უცხო კაცს ველოდით.
ცუდ გუნებაზე ვიყავი. ბებოს ხელში გავიზარდე და უმისოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა. დედა კი ისეთი ბედნიერი იყო, ხმას როგორ ამოვიღებდი… წინ რა მელოდა, არ ვიცოდი და ბებოს თიკანივით დავდევდი უკან, რომ მეთხოვა, მეც წამიყვანე- მეთქი. ბებო სახეს მარიდებდა, მივხვდი, ცრემლებს რომ მიმალავდა და ისიც ვიცოდი, უარს რომ მეტყოდა.. ან მე როგორ დავთმობდი დედას…
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, დედაჩემს ძალიან უყვარდა დედამთილი, 18 წელი ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად უთქვამს, ჩემთვის დედის მაგიერიაო. ამიტომაც დააპირა დილაადრიან სამსახურში გაქცევა, ბებოს სახლიდან წასვლას რომ არ შესწრებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა – ბებომ იყოჩაღა, კარებთან დაეწია, ჩაეხუტა და დალოცა, ბედნიერი იყავიო… დედა დაიბნა, სწრაფად შეტრიალდა და დამდუღრულივით დაეშვა კიბეებზე.
ყოველთვის მაოცებდა ჩემი ბებო – დღემდე ვერ ვხვდები, ასეთი ტაქტიანი და თავშეკავებული როგორ იყო ეს უბრალო გლეხის ქალი. არადა, ვინ იცის რას ფიქრობდა, რა ცეცხლი ენთო გულში… ამასობაში ბიძაჩემიც მოვიდა ბებოს წასაყვანად. დაძაბული ჩანდა. სკოლის ამბები გამომკითხა, რა ნიშნები გაქვსო, ჩამეძია და რეებს აღარ იგონებდა, მთავარ სატკივარს რომ არ შეხებოდა. დამშვიდობებისას, კარებამდე რომ მივაცილე, ბებო გადამეხვია და მკითხა, ჩემთან ხომ მოხვალო… და ხმა გაებზარა…
უცხო კაცი – ბატონი ლევანი პოდპოლკოვნიკი იყო. სხვათაშორის, პოდპოლკოვნიკი კი არა, უბრალო ჯარისკაცი არ მყავდა ახლოდან ნანახი და ძალიან შევცბი. ისე ავფორიაქდი, ღამე ცუდად მეძინა. უცხო კაცი… უცხო კაცი… სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში და კარგს არაფერს ველოდი. მაგრამ მოხდა სასწაული და კაცი, ვისაც ვერიდებოდი, თვალებშიც კი ვერ ვუყურებდი, თანდათან ჩემი ცხოვრების უსაყვარლეს ადამიანად იქცა. ოჯახის წევრები და ახლობლები ”პლატონიჩს” ეძახდნენ. მამამისი, პლატონ ჩიქვინიძე, რომელსაც მაყურებლები პლატონ კორიშელად იცნობდნენ, რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო და 1937 წელს სანდრო ახმეტელთან ერთად დააპატიმრეს და დახვრიტეს.
პლატონიჩს ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. ისეთი ”სამკაულიანი” ქართულით საუბრობდა, გაოცდებოდით. სრულყოფილად ფლობდა რუსულ ენასაც და პენსიაზე გასვლის შემდეგ სტილისტად მუშაობდა ერთ- ერთ რუსულ გაზეთში. ბევრს კითხულობდა და მახსოვს კიდეც გავიხუმრე, პლატონიჩი კითხვისას ისე შორსაა ჩვენგან, ხანძარი რომ გაჩნდეს, ვიდრე წიგნს ცეცხლი არ წაეკიდება, თავს არ უშველის- მეთქი.
ომზე საუბარი არ უყვარდა. მხოლოდ ერთ დღეს იგონებდა დიდი გულისტკივილით. ზამთარი იყო. საშინლად ციოდა. ფრონტის ხაზზე სროლა არ წყდებოდა. ბატალიონი ზედიზედ იგერიებდა იერიშებს. ბოლოს სიჩუმე ჩამოვარდა. მტერი მიყუჩდა. ჯარისკაცებმა ცეცხლი დაანთეს და ირგვლივ შემოუსხდნენ. გათოშილებს უცებ ჩაეძინათ. ეძინა პლატონიჩსაც, როცა დაუძახეს, უფროსი გიბარებთო. წავიდა. უკვე შორს იყო, აფეთქების ხმა რომ გაისმა. ვეებერთელა შავი ღრუბელი ავარდა ცაში, მაშინვე უკან გამოიქცა და იქ, სადაც 5 წუთის წინ მეომრებთან ერთად იჯდა, დიდი შავი ორმო დახვდა, ცხედრებით სავსე… ვიდექი გაოგნებული, დაწექი, დაწექიო, მიძახოდნენ, მაგრამ არ მესმოდა. ბოლოს მოცვივდნენ და მომაშორეს იქაურობას. კარგახანს ვიჯექი რეტდასხმული და ძლივს მომიყვანეს ჭკუაზეო, ყვებოდა ხოლმე.
დრო გადიოდა, ოჯახი ნელ- ნელა დგებოდა ფეხზე, სიყვარული გვაძლიერებდა. ღმერთმა გადმოგვხედა, ბოლოს ისეთი დღეც გათენდა, წარსულის ტკივილები რომ დაგვიამა და სიცოცხლე გაგვიხალისა. ოჯახს გოგონა შეემატა – თვალებბრიალა და ულამაზესი. მე მარტო აღარ ვიყავი, მე დაიკო მყავდა – პატარა ნანი ჩიქვინიძე! მადლობა უფალს!
შემდეგ სწრაფად გაფრინდნენ წლები. ტკივილიც იყო და სიხარულიც. ნანიკო უკვე სტუდენტი გახდა. მე ორი შვილის დედა ვიყავი. პლატონიჩი და დედაჩემი კი კვლავ მხარში გვედგნენ, გვამხნევებდნენ და ცხოვრებას გვიიოლებდნენ, მაგრამ… ერთ უკუღმართ დღეს, სრულიად მოულოდნელად, სულ რაღაც წამებში ყველაფერი ამოყირავდა…
საღამო იყო. თავის ოთახში ეძინა. უცებ მეძახის – კარი გააღე, სუნთქვა მიჭირსო… ლილიკა, გოგო, მივდივარო… ეს იყო და ეს. წავიდა ჩვენგან პლატონიჩი, ძვირფასი კაცი – ” სიზმარს იქით ღამე იხილა”…