აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში მიიწვიეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გასაანალიზებლად
აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში მიიწვიეს კონსულტაციებისთვის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისა და აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკის გასაანალიზებლად.
ამის შესახებ ლაპარაკია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარში, რომელიც სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ზახაროვას თქმით, რუსეთი დაინტერესებულია იმაში, რომ აშშ-სთან ურთიერთობებში არ იქნეს დაშვებული „შეუქცევადი დეგრადაცია“.
„ჩვენთვის მთავარია, გავარკვიოთ, რა გზით შეიძლება გამოსწორდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები, რომელიც ვაშინგტონმა უკანასკნელ წლებში, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც 20 იანვარ დაიკავა თანამდებობა, ოთხშაბათს ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მკვლელად“.