შარლ მიშელი პუტინს მოუწოდებს გაათავისუფლონ ნავალნი და გამჭვირვალედ გამოიძიონ მასზე თავდასხმა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 22 მარტს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს და კვლავ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი და ჩაატაროს მასზე თავდასხმის გამჭვირვალე გამოძიება.
შარლ მიშელმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ამჟამად არის დაბალ ნიშნულზე და
ევროკავშირის თვალსაზრისით მოსკოვთან ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სხვა გზით განვითარდეს, თუ მიღწეული იქნება პროგრესი ისეთ საკითხებში, როგრიცაა მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულება, ჰიბრიდული თავდასხმებისა და კიბერ-იერიშების შეწყვეტა, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორმა ლიდერმა ასევე განიხილეს კორონავირუსისის პანდემიასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე.
შარლ მიშელმა პირველად 22 იანვარს მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისა და მისი მოწამვლის საქმის გამჭვირვალე გამოძიებისკენ.
შარშან აგვისტოში ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი დასვეს ქალაქ ომსკში და ნავალნის ადგილობრივ საავადმყოფოში აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ კი, მისი ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, ის ბერლინში გადააფრინეს სამკურნალოდ. ევროპელ დამოუკიდებელ ექსპერტთა თქმით, ნავალნი საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით, „ნოვიჩიკით“ იყო მოწამლული. თავად ნავალნი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით განხორციელდა და მასში ფსბ-ს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ხელისულება უარყოფს ამ ბრალდებებს.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს და სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა ძველი პირობითი პატიმრობის რეჟიმის შეუსრულებლობისთვის. ნავალნი კოლონიაში გაგზავნეს სასჯელის მოსახდელად.
რუსეთი უარყოფს ბრალდებებს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციებს საკადრის პასუხს გაეცემა.