ლილი ფოფხაძე – ოჯახური იდილია
ოჯახური იდილია
(სხედან ტახტზე. ტელევიზორთან)
ცოლი: მე რომ მაკასთან დაბადების დღეზე არ მოვსულიყავი, ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით… კარგი, რა, მაგის წარმოდგენაც კი არ მინდა,-პასუხობს ქმარი და ცოლის გრძელ თმაში მალავს სახეს, – წუხელ ძმაკაცმა დამირეკა, დედაჩემმა გნახათ ქუჩაში და გაგიჟებულია, რა ლამაზი წყვილია, როგორ უხდებიან ერთმანეთსო. ცოლი (ჩურჩულით): რა ბედნიერებაა, როცა ადამიანები ერთმანეთს პოულობენ, როცა გიყვარს და უყვარხარ და როცა გიხარია სიცოცხლე…
(ერთი წლის შემდეგ)
ცოლი: როდემდე უნდა ვიჯდე აივანზე მარტოკა, როდემდე უნდა ვათენო ღამეები….შინ მოსვლა მიხაროდა და ახლა? (ცრემლებს ვერ იკავებს) შუაღამეა, სად ჯანდაბაშია ამდენ ხანს…..(ტირის, მერე ძილი მოერევა და წვება. კარზე ბრახუნია, არ აღებს)
წაბრძანდეს იქ, სადაც იყო…(ამბობს ხმამაღლა და კედლისკენ შებრუნდება). ისევ ბრახუნია, ისევ არ აღებს. ღია ფანჯრებიდან ლაპარაკის ხმა ესმის. გადმობრუნდება და იატაკზე იასამნების დიდ თაიგულს დაინახავს.
აი, ფანჯარას სახანძრო მანქანის კიბე მოადგა და ოთახში ქმარი შემოხტა. კარს რატომ არ მიღებ, ქალბატონო?! ვის მალავ ოთახში? ძვრება საწოლქვეშ, იხედება კარადაში და ვითომ გაოცებული კითხულობს: მაინც სად უნდა იყოს, გამობრძანდი, ყმაწვილო, რად მემალები….ორივენი იცინიან, ერთმანეთს ეხუტებიან და ბოლოს ყველაფერი ვარდისფერ ნისლში იძირება.
(კვლავ ერთი წლის შემდეგ)
ისევ აივანზე ზის. ეს აღარ განმეორდებაო, შეპირდა ქმარი ერთი კვირის წინ….მაგრამ განმეორდა. ახლა ყველაფერი გასაგებია. კეთილის მსურველებს რა გამოლევს- დაურეკეს, უთხრეს, ქმარს მიხედეო….მაგრამ რა მერე……რა თქმა უნდა, სასტიკ უარს იტყვის…იგონებენ, ჭორია, შენ გაგიჟებენო…კარზე ბრახუნია. აღებს. ქმარი ძმაკაცთან ერთად დგას, თაიგულით ხელში და უღიმის. შემოდიან. ძმაკაცი ერთობ დაწვრილებით ყვება, რა კარგი დრო გაატარეს რესტორანში და რამდენჯერ შესვეს ცოლების სადღეგრძელო. თუმცა დღესავით ნათელია და თავადაც იცის, რომ ძმაკაცმა საგანგებოდ მოიყვანა ცოლის თვალის ასახვევად. რა ყოფილა ეს ცხოვრება-თვალთმაქცობა, ვერაგობა და გაიძვერობა, სხვა არაფერი….და უცებ ცოლმა დაიწყო სიცილი, დაიწყო და ვეღარ გაჩერდა, იცინა და იცინა….ბოლოს კაცებიც აროხროხდნენ და ცოტა ხანში მკვდრებივით ეძინათ ტახტზე სიცილისგან დაოსებულებს.
(კარგა ხნის შემდეგ)
საღამოა. მანქანაში სამნი სხედან – ცოლი, ქმარი და სიდედრი. დაძაბული არიან, თითქოს მოახლოებული ქარიშხლის მოლოდინში იყვნენ. ღმერთო, ჩემო….ისევ? როდემდე, როდემდე? აღარ უნდა დამთავრდეს? – ფიქრობს სიდედრი. ქმარი ჩხუბობს: ეს როგორ იკადრე, შე საცოდავო, სამსახურში როგორ მიაკითხე, როგორ დაასმინე, ოჯახს მინგრევსო…შეძრწუნებული ცოლი დედას უფრთხილდება და ცდილობს ხმადაბლა ილაპარაკოს: არ ვყოფილვარ, ადამიანო, გატყუებს, რით ვერ გაიგე, მეასედ გეუბნები! ქმარმა ხელი დაკრა საჭეს და მანქანა იქვე, ხიდთან ახლოს გადააყენა. ის არ მომატყუებს, არა! არ არსებობს! -მთელი ხმით ღრიალებდა. არა, ამის ატანა აღარ შემიძლია, – ჩაილაპარაკა ცოლმა და მანქანიდან გადასვლა დააპირა. სიდედრი არ დაიბნა, შვილს ხელი სტაცა. ამ დროს მანქანას უცნობი მოადგა და იკითხა, რა ხდებაო…..წადი შენიო, შეუკურთხა გააფთრებულმა ქმარმა და მუშტი მოუქნია. ცოლმა დრო იხელთა და მანქანიდან გადახტა. ქმარი გაეკიდა, სიდედრი უკან მისდევდა და გვიშველეთო, ყვიროდა. ცოლს აღარავინ ახსოვდა, ჩქარა, ჩქარაო, ფიქრობდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ხიდისკენ გარბოდა. მოაჯირს რომ ჩაეჭიდა და თითის წვერებზე შედგა, ვიღაცამ მხრებში ჩაავლო ხელი და გააკავა. უცნობი მამაკაცი ნარბენი იყო და ძლივს სუნთქავდა, მკლავებს მარწუხებივით უჭერდა ქალს, არ გაიქცესო. ეს რომ დაინახა, ქმარი სწრაფად გაბრუნდა უკან და მანქანა მოიყვანა. ცოლი უკანა სავარძელზე დააწვინეს. თვალგახელილი იწვა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ესენი ვინ არიან, რა უნდათ ჩემგანო, – ფიქრობდა. მანქანა დაიძრა, უცნობი მამაკაცი ისევ ხიდზე იდგა გაშტერებული, მაგრამ მისთვის არავის ეცალა. ცოლს დედის კალთაზე ედო თავი და ნელ-ნელა გონება ეწმინდებოდა.”ბავშვების გამო უნდა მოითმინო, ბავშვების გამო…აცალე კაცს-მობეზრდება და გადაუვლის” – რატომღაც ეს სიტყვები ჩაესმოდა, ათასჯერ მოსმენილი და აუტანელი. ცრემლი მოერია, – წავიდეს, თავი დაგვანებოსო, – ვიღაცას ევედრებოდა. ქმარი კი ყვიროდა: სად უნდა წავიდე, რატომ უნდა წავიდე: ვიცხოვროთ ერთად…მივხედოთ შვილებს…რა ავხორცობაა, აუცილებლად ერთად უნდა ვიწვეთ?! გამაგიჟა ამ ქალმა!.. გაჩუმდეს…გული მერევა…-იხვეწებოდა ცოლი.