აშშ არ წავა დამატებით დათმობებზე ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე
აშშ წავიდა ყველა დათმობაზე, რაც კი შეეძლო გაეკეთებინა, რათა კვლავ შეუერთდეს მსოფლიოს ქვეყნებთან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმებას, - ამის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის წინ, რომლის მიზანია აშშ-ის და ირანის სრული დაბრუნება შეთანხმებაში.
მოხელე, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა ტელეფონით 6 მაისს, ამბობს, რომ ირანი არ უნდა მოელოდეს მომავალ სერიოზულ დათმობებს და ახლა წარმატება და წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა ირანი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, აღიარებს თუ არა ამ დათმობებს და დაუბრუნდება თუ არა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არის აშკარა, არის თუ არა ირანი მზად, დაუბრუნდეს შეთანხმების პირობების სრულ დაცვას.
„სამწუხაროდ, ისინი განაგრძობენ თავიანთი პროგრამის იმ სახიფათო ნაწილების განახლებისკენ სვლას, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ძალით შეჩერდა“, - თქვა მან 6 მაისს NBC-ის მიერ გადაცემულ ინტერვიუში.
მოლაპარაკება, რომელიც ვენაში მიმდინარეობს, მიზნად ისახავს შეიქმნას გზამკვლევი ვაშინგტონისთვის, რათა სანქციები მოუხსნას ირანს, და თეირანისთვის, რომელმაც უნდა აღადგინოს თავისი ბირთვული პროგრამისთვის დაწესებული შეზღუდვები, როგორც ეს თავდაპირველ შეთანხმებაში იყო განსაზღვრული.