ინდოელი პოლიტიკოსი, სახელად სტალინი, ქვეყნის ერთ-ერთ შტატს უხელმძღვანელებს
ინდოეთის ტამილნადის შტატში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად შტატის მთავრობას უხელმძღვანელებს პოლიტიკოსი, რომლის სახელია სტალინი. ამავე შტატის მინისტრთა კაბინეტში მოხვდნენ განდი და ნერუ, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან სტალინის წინაშე.
68 წლის ინდოელი სტალინი (ტამილურ ენაში გვარები არ არსებობს) საბჭოთა დიქტატორის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე დაიბადა და ეს სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს. მან პოლიტიკური კარიერა დაიწყო 14 წლიდან, რამდენჯერმე დააპატიმრეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მაგრამ გასული საუკუნის 80-იან წლებში სტალინი სათავეში ჩაუდგა ორიდან ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალის ახალგაზრდულ ფრთას.
ტამილნადში, ინდოეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე შტატში, 72 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სტალინს ამ შტატის შეფ-მინისტრის პოსტი წილად ხვდა მას შემდეგ, რაც მისი მეთაურობით მოქმედმა პოლიტიკურმა ძალამ რეგიონულ არჩევნებში 234-წევრიან პარლამენტში 159 ადგილი მოიპოვა.
სტალინის მთავრობაში ორი მინისტრის პოსტი დაიკავეს პოლიტიკოსებმა, სახელად განდი და ნერუ. ორივე პოლიტიკოსი თავისი კარიერის განმავლობაში კორუფციაში იყო დადანაშაულებული, მაგრამ სასამართლოებმა ისინი გაამართლეს.