„რიონის ხეობის მცველებმა“ 23 მაისის აქციის მოსამზადებელი საინფორმაციო შეხვედრა ცაგერში გამართეს
„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს ცაგერში გამართეს. „რიონის ხეობის მცველებმა“ ცაგერში „მწვანე თეატრთან“ შეკრებილ მოქალაქეებს თავიანთი სამოქმედო გეგმები გააცნეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში იმის შესახებ, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია.
„23 მაისის აქციამდე უნდა ჩაგვეტარებინა სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრები ქალაქებში. წყალტუბოთი დავიწყეთ, პირველი წყალტუბოში გვქონდა. დღეს გვაქვს ცაგერში, ასევე ვაპირებთ რაჭაში გადასვლას დღესვე. ხვალ გურიაში წავალთ და ეტაპობრივად მივყვებით, რასაც შევძლებთ ფიზიკურად, რომ მოვიაროთ და გვექნება შესაძლებლობა. შესაძლებლობა უნდა მოგვცეს გარემო პირობებმაც იმიტომ, რომ გუმათშიც ისეთი სიტუაციაა, რომ იქაც არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები და შეიძლება შევწყვიტოთ კიდეც ეს ჩვენი გასვლა სხვადასხვა ადგილებში. რისი შესაძლებლობაც გვექნება, ყველგან გავალთ აუცილებლად და მაქსიმალურად შევხვდებით მეტ ადამიანს, რომ უფრო მეტად მოვახერხოთ ინფორმირება და ჩაბმა არგუმენტირებულად ამ ბრძოლაში“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
ცაგერის შემდეგ დღესვე, „რიონის ხეობის მცველები“ მოსახლეობას ამბროლაურში შეხვდებიან. 9 მაისს კი გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში.
აქტივისტები მოძრაობისა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 193-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესის მშენებლობას. პროტესტი სოფელ გუმათში გაშლილ კარვებში გრძელდება. აქტივისტები მასშტაბური აქციის გამართვას 23 მაისს აპირებენ თბილისში.
თბილისში საპროტესტო აქცია მთავრობასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ დაიგეგმა. აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე 4 ძირითად მოთხოვნას აყენებენ:
გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ).კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ.