საქართველომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მესამე ლიცენზია მოიპოვა
ფიგურულ სრიალში, სპორტულ წყვილებში, საქართველომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა გერმანიის ქალაქ ობერსდორფში გამართულ საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირზე, მესამე ადგილი დაიკავა და პეკინი-2022-ის სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, საფინა-ბერულავა თექვსმეტ სპორტულ წყვილს შორის საუკეთესო იყო. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში კი მათ ორი პოზიცია დათმეს.
სპორტული წყვილების კატეგორიაში საქართველო ოლიმპიურ თამაშებში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ობერსდორფის ტურნირამდე, ქართული დელეგაციის ანგარიშზე ქალთა და მამაკაცთა კატეგორიების თითო ლიცენზია იყო, რომლებიც მოციგურავეებმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე მოიპოვეს.