რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები ყაზახეთში არიან
ყაზახეთში "ამოცანების შესრულებას" უკვე შეუდგნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მოწინავე ქვედანაყოფები, რომლებიც კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში არიან. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თანახმად, ყაზახეთში გაიგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები, რომლის შემადგენლობაში არიან რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.
ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის ყაზახეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა და ქვეყანაში მათი დარჩენის ხანგრძლივობა. შედარებით დაკონკრეტებულია მხოლოდ ის, რომ კოლექტიური საშვიდობო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები და სამხედრო ნაწილები.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებით, ყაზახეთში „დროის შეზღუდული პერიოდით“ გაგზავნილი სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანებია მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა და ყაზახეთის მართლწესრიგის დამცველი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციის და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მიზნით.