ავსტრალიელმა მოსამართლემ ჯოკოვიჩის საქმის მოსმენა შემდეგი კვირისთვის გადადო
ავსტრალიელმა მოსამართლემ მომავალი კვირისთვის გადადო მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელი მისი დეპორტაციის წინააღმდეგ მაშინ, როცა ხმაური გრძელდება მისი აცრისგან გათავისუფლების თაობაზე. ჯოკოვიჩი აპირებდა დაეცვა თავისი ტიტული ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე, რომელიც 17 იანვარს იხსნება მელბურნში. ჩოგბურთელს ავსტრალიამ უარი უთხრა ქვეყანაში შეშვებაზე და ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
ავსტრალიის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ანტონი კელიმ, განაცხადა, რომ შეცდომამ განცხადების შეტანის საქმეში შეაჩერა ჯოკოვიჩის დეპორტაციის წინააღმდეგ მოთხოვნის საქმის განხილვა და მოსმენა 10 იანვრისთვის გადადო.
5 იანვარს ავსტრალიის სასაზღვრო დაცვამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა ჯოკოვიჩს. როგორც ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, 34 წლის სერბმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ორჯერ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ ან რომ მისთვის დაშვებულია გამონაკლისი სამედიცინო მოსაზრებებით. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დამოუკიდებელმა სამედიცინო კომისიამ გამონაკლისი დაუშვა და მას ნება დართო, არ გაიკეთოს ვაქცინა.
ტურნირის ყველა მონაწილე ვალდებულია, სრულად იყოს აცრილი ან ჰქონდეს ვაქცინისგან თავის შეკავების დადასტურებული უფლება. აუცრელად ქვეყანაში შეშვების ერთ-ერთი საფუძველია, მაგალითად, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი COVID-19. არ არის ნათელი, ასეა თუ არა ჯოკოვიჩის შემთხვევაში.
ჯოკოვიჩმა, რომელიც სარეკორდო 21-ე „გრენდ სლემის“ ტურნირში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებდა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში, ადრე მიანიშნა, რომ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ამასთან მას არასოდეს გამოუქვეყნებია თავისი ვაქცინაციის სტატუსი.
ავსტრალიაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმკაცრესი ამკრძალავი ზომების შემდეგ პირველად აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევათა მომრავლება.
ავსტრალიის ზრდასრული მოსახლეობის 90 პროცენტი ვაქცინირებულია, მაგრამ მოქმედი წესების გამო ბევრ ადამიანს კვლავაც არ შეუძლია შტატებს შორის ან უცხოეთში მოგზაურობა.