დუმის დეპუტატის თქმით, აპირებენ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას ადმინისტრაციულ საზღვრებში
რუსეთი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობას" მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარებს. ამის თაობაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხებსა და "თანამემამულეებთან" ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, სახელმწიფო სათათბიროში წარდგენილ კანონპროექტში დაკონკრეტებული არ არის საზღვრები, თუმცა, მისივე განმარტებით, "შეთანხმებაში ნახსენები სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ძველ და ერთადერთ ჭეშმარიტ რეფერენდუმს“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სეპარატისტული რესპუბლიკები ამ ტერიტორიების დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებენ, მათ დამოუკიდებლობა სწორედ ამ ფარგლებში სურთ.
კალაშნიკოვი დარწმუნებულია, რომ „რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა და გადაწყდება“.
ლეონიდ კალაშნიკოვისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სვეტლანა ჟუკოვას. ის აღიარების შესაძლებლობას ხედავს დღეს არსებულ ფორმალურ საზღვრებში.
"არავინ აპირებს უფრო შორს წასვლას. ჩვენ სხვა საზღვრები არ გვაქვს განსაზღვრული დოკუმენტებში", - ამბობს ჟუკოვა.
რუსეთის დუმა დღეს, 22 თებერვალს, გეგმავს რატიფიცირება მოახდინოს პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტისა, რომელიც უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის "სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის" აღიარებას ითვალისწინებს.
თუ რუსეთის დუმა მხარს დაუჭერს ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას უკრაინის ამჟამინდელ ადმინისტრაციულ საზღვრებში, ტერიტორიის ის ნაწილი, რომელსაც ახლა სეპარატისტები ვერ აკონტროლებენ, უკრაინის მიერ ოკუპირებულად ჩაითვლება.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.
მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.
სანქციები კრძალავს აშშ-ის წარმომადგენლების ახალ ინვესტიციებსა და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიებიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების აშშ-ში იმპორტს და საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტს აშშ-დან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.