მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის 8 მონაწილე დააკავეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის უფლების მიცემას ითხოვდა, აქციის მონაწილეები დააკავეს. სულ დაკავებულია რვა ადამიანი.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, დაკავებულებს ედავებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, რაც არასწორია.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა ისევ გამოაცხადა. მისი მოთხოვნაა მასთან ციხეში შეუშვან მისი მკურნალი ექიმი და მისთვის სანდო კონსილიუმის ექიმები.
ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების პირველი შემთხვევა არ არის. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.
შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.