რამაზ იოსელიანი: სიმართლე გითხრათ, თეა წულუკიანი ძალიან მიყვარს!
– თქვენი ბევრი კოლეგა კულტურის სამინისტროს, თავად კულტურის მინისტრს – თეა წულუკიანს დაუპირისპირდა…
– სიმართლე გითხრათ, თეა წულუკიანი ძალიან მიყვარს! მე მქონდა მასთან ურთიერთობა და ძალიან კარგად, საღად აზროვნებს… უშეცდომო დედამიწის ზურგზე არავინაა და საერთოდაც, რა შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ, როცა ჯერ წელიწადიც კი არ არის, რაც კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა… რაშიც გაერკვა, ძალიან ლოგიკურად მიუდგა. ვისაც პრეტენზია ჰქონდა სამხატვრო ხელმძღვანელებთან მიმართებაში, ძალიან შესაბამისად დასვა ყველა თავიანთ ადგილზე.
რაც შეეხება საბჭოს, მანდ არის ყველაზე დიდი პრობლემა. გარეთ გამოდიან, სხვას ამბობენ, შიგნით სხედან, სხვა აზრი აქვთ… თუ ადამიანს მყარი პოზიცია არ აქვს, ის არც პროფესიონალად ითვლება, არც ადამიანად, არც კაცად და არც ქალად! არ შეიძლება ორ ბატონს ერთად ემსახურო, იქითაც იყო და – აქეთაც… რაც ყველაზე ცუდია, ობიექტურები არ არიან! შენ შეიძლება ჩემი მტერი იყო, ერთმანეთს ვერ ვიტანდეთ, მაგრამ ერთმანეთის პლუსებს და მინუსებს ვხედავდეთ… იქ წულუკიანი არ მოსწონთ, თურმე, მძიმე ხასიათი აქვსო… ნიჭიერ ადამიანს კარგი ხასიათი ვის ჰქონია? – მე ასეთი ჯერ არ მინახავს.
თეა წულუკიანი ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია და ფულზე და გამორჩენაზე არ ფიქრობს… წარმოიდგინეთ, მას რომ ფული მოეხვეჭა, ზოგიერთ ტელევიზიას მაგის ამოქექვას ვინმე მოასწრებდა?!
ჯერ რატომ უნდა იყოს საბჭოში მხოლოდ თეატრმცოდნე? სამხატვრო ხელმძღვანელად ვინ აჯობებს, თეატრმცოდნემ კი არა, მსახიობმა და რეჟისორმა იციან… ორი თეატრმცოდნე მახსოვს – მაიკო ტურაშვილი და მარინა წულუკიძე, რომლებიც პირველივე დღიდან ყველა რეპეტიციაზე ისხდნენ, ბოლო პრემიერამდე… ასე კარგად ვინც იცის თეატრი, ისინი სულაც არ არიან საბჭოში. მხოლოდ პრემიერაზე რომ მოდიან დიდი მცოდნეები, დიდი შლეიფებით…
მახსოვს ნათელა ურუშაძე, ვასო კიკნაძე რომ მოდიოდნენ, როგორ განიხილავდნენ სპექტაკლს… ისინი თეატრის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ. თეატრმცოდნემ რატომ უნდა აგინო ვინმეს, რამე თუ არ მოგწონს, შენიშვნა მიეცი, დელიკატურად, მაგრამ ესენი კეთილები კი არა, სხვანაირები არიან…
– გვახსოვს თქვენი უკმაყოფილება წინა მინისტრის – გურამ ოდიშარიას მიმართ…
– დიახ, გურამ ოდიშარია არ მომწონდა და ახლაც ვამბობ. ჩემთან არასწორად მოიქცა… თითქოს “ქართულმა ოცნებამ” სამართლიანობა აღადგინა და რაღაც სამართლიანობის აღდგენა ჩემთან არ მოხდა.