პოლონეთისა და შვედეთის საფეხბურთო ნაკრებმა გუნდებმა რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს
პოლონეთის საფეხბურთო ნაკრები გუნდის წევრებმა უარი თქვეს რუსეთის ნაკრებ გუნდთან თამაშზე 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო.
პოლონეთის ნაკრების პრესატაშეს, იაკუბ კვიატკოვსკის თქმით, ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა მზად არიან, ამ ნაბიჯის გამო ტექნიკური დამარცხება ჩაეთვალოთ. „ჩვენ მოთამაშეებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ რუსეთთან თამაშს,“ განუცხადა მან „სპორტს-ექსპრესის“ ჟურნალისტებს. პოლონეთის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა ცეზარი კულეშამაც დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრები უარს ამბობს შესარჩევ მატჩებზე რუსეთის გუნდთან.
რუსეთის ნაკრებთან შესარჩევ მატჩებში თამაშზე უარი თქვა ასევე შვედეთის საფეხბურთო ნაკრებმა. შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მოუწოდა, გააუქმოს მარტისთვის დანიშნული პლეიოფები რუსეთის ნაკრების მონაწილეობით. „ძნელი დასაჯერებელია, რომ ფიფამ არ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა. რუსეთს არ შეუძლია მონაწილეობა, სანამ ეს სიგიჟე გრძელდება,“ განაცხადა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.
აქამდე გაუქმდა ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი სანქტ-პეტერბურგში. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს დაუგზავნა რეკომენდაცია, გააუქმონ ყველა ტურნირი რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთი ასევე გარიცხეს მუსიკალურ კონკურს „ევროვიზია-2022-დან“.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა მას „იძულებითი ზომა“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. პუტინის თქმით, ეს რუსეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის, უკრაინის მხრიდან.