ზურა ჯაფარიძე: დღეს ამ ქვეყანას დიდი ასოებით დააწერეს, რომ ვართ "ჩმორები"
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს. ასე გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ჯაფარიძე ხელისუფლების კომენტარებს და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან ელჩის გაწვევის შესახებ.
"მე მგონია, რომ მთავარი, რამაც დღეს ჩვენ ყველა გამოგვიყვანა, არის ბრაზი, სირცხვილის გამო, რომელიც ყველამ ერთად ვჭამეთ. დღეს რუკაზე დიდი ასოებით დაგვაწერეს ამ ქვეყანას, რომ ვართ "ჩმორები"...
ის, რაც დღეს ხდება, როცა აქ ვართ შეკრებილები, უკრაინაში კასეტური თუ ვაკუუმური ბომბების ქვეშ, საკუთარი სიცოცხლის ფასად უმტკიცებენ მთელ მსოფლიოს, დასავლეთს, რომ მათი ადგილი არის თავისუფალ სამყაროში. ამ დროს ჩვენ გამოვიყურებით როგორც ჩმორები, რომელთა ადგილიც არსად არ არის. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, ამ ვირებს, მთელ დედამიწას და დასავლეთს, ჩვენ ვართ თავისუფლების. მე არ მჯერა, რომ არსებობს სხვა გზა ამ სირცხვილის ჩამოსარეცხად, ერთადერთი გზაა, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, აღარასდროს უნდა ლაპარაკობდეს ამ ქვეყნის სახელით", - თქვა ჯაფარიძემ.
ექვსი დღეა უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე რუსულ ჯარს ებრძვის. ზუსტად ამდენი დღეა თბილისში იმართება სოლიდარობის აქციები. ამავე აქციებზე ჟღერდება პრემიერის გადადგომის მოთხოვნაც.
გუშინ, 28 თებერვალს, საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა. ამ დრომდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რომელიც ქვეყანაში ფრენებს არეგულირებს, რადიო თავისუფლების ზარებს არ პასუხობენ და მიზეზებზე არ საუბრობენ.
დღეს, 1 მარტს კი, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის.
"სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]..." - თქვა კობახიძემ.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.