შიდა ქართლში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყეს
გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან დამეგობრებულ უკრაინულ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა.
გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის მერიებში ტვირთის შეგროვება უკვე დაიწყეს. ასეთი დახმარება პირველ რიგში გაეწევათ შემდეგ ქალაქებს: პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი და ობუხოვი. ეს ქალაქები დამეგობრებული არიან გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან.
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმება.რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს ფინანსურ რესურსს", - აღნიშნულია გუბერნატორ ვალერიან მჭედლიძის განცხადებაში.
მჭედლიძის განცხადებით, რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თუ ბიზნესის წარმომადგენელს სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება შეუძლია. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.