შოთა დიღმელაშვილი მთავრობის ადმინისტრაციისთვის კვერცხების სროლის გამო დააკავეს
სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვა აქტივისტების დაკავებას აპროტესტებდა, დააკავეს. მან ადმინისტრაციის შენობას რამდენიმე კვერცხი ესროლა.
"მე მაქვს აქ ერთკაციანი აქცია. მე აქ დავუშენ კვერცხებს იმ ფანჯარას, რომელზეც მეტყვით. დიდი მადლობა და დატკბით სიამოვნებით", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი მის "ფეისბუკგვერდზე" გავრცელებულ ვიდეოში.
ამ სიტყვების შემდეგ უკვე კადრში ჩანს, როგორ ესვრის დიღმელაშვილი კვერცხებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობას და ისმის პოლიციელთან შელაპარაკებაც.
პოლიციელი: რატომ ესვრი კვერცხებს?
შოთა დიღმელაშვილი: იმიტომ, რომ გუშინ უკანონოდ დააკავეს ადამიანები.
პოლიციელი: კვერცხებს რომ ისვრით?
შოთა დიღმელაშვილი: აი, ჩემი ასეთი პროტესტის ფორმაა.
პოლიციელი: წამობრძანდით.
შოთა დიღმელაშვილი: შეიძლება ეს კვერცხიც ვესროლო?
პოლიციელი: არა, არ ესვრით.
შოთა დიღმელაშვილი: ჯიბეში ხო არ ჩავიდებ, გამიტყდება.
პოლიციელი: თქვენი სახელი და გვარი?
შოთა დიღმელაშვილი: შოთა დიღმელაშვილი. აი, რას მერჩით? შენობას ვესვრი კვერცხებს. ეს არის არაძალადობრივი პროტესტი.
გუშინ, 7 მარტს, პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავა, მათგან დაკავებული სამივე ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დაკავებული კაცები კი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან.
7 მარტს საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციის რუსთაველის გამზირზე გამართვის შემდეგ მოეწყო - აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტუალეტის ქაღალდები ისროლეს.