გერმანიის პროკურატურამ დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის გამოძიება
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ.
სააგენტო dpa-ს თანახმად, პროკურორებს აქვთ მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ უკვე ჩადენილ დანაშაულებზე და არსებობს იმის ალბათობა, რომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება. დეტალებს სააგენტო არ აზუსტებს.
გამოცემა Spiegel-ი, სასამართლო წრეების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროკურატურა ამოწმებს ცნობებს რუსეთის არმიის მიერ კასეტური ბომბების შესაძლო გამოყენებისა და საცხოვრებელ უბნებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. სისხლის სამართლის საერთაშორისო კოდექსის მიხედვით, ამა თუ იმ სახელმწიფოს ფედერალურ პროკურატურას შეუძლია გამოიძიოს ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები მთელ მსოფლიოში.
24 თებერვალს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთმა თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა.
8 მარტისთვის, გაეროს მონაცემებით, თავისი საცხოვრებელი დატოვა ორმა მილიონმა უკრაინელმა. მათგან 900 ათასმა პოლონეთს შეაფარა თავი, 150 ათასმა - უნგრეთს. ევროპის კავშირი თავის ტერიტორიაზე მიიღებს სავარაუდოდ ორნახევარი მილიონიდან ექვს მილიონამდე ლტოლვილს. გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში, ორშაბათს, დაიწყო უკრაინის სარჩელის განხილვა რუსეთის წინააღმდეგ. კიევი მოსკოვს გენოციდის შესახებ საერთაშორისო კონვენციის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.
მოსარჩელის პოზიციით, კონვენციის ბოროტად გამოყენება რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიაზე შესაჭრელად გამოიყენა. ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გამოიყენა ტერმინი "გენოციდი" უკრაინის დონბასში მოვლენების განსაზღვრისთვის 2014 წლიდან და მიმდინარე ომის დაწყებამდე. კიევი სასამართლოს დროებითი ზომების მიღებას სთხოვს თავის სარჩელზე. კერძოდ - მოსთხოვოს რუსეთს, შეაჩეროს სამხედრო შეჭრა.