"Circus Mircus" ევროვიზიაზე მხოლოდ აუდიოს აგზავნის: ომის დროს მხიარული მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია უადგილოა
ჯგუფი "ცირკუს მირკუსი", რომელიც წელს საქართველოს წარადგენს "ევროვიზიაზე", მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობისთვის ვიდეოკლიპის ნაცვლად, სიმღერის აუდიოვერსიას აგზავნის შავ ფონზე - ეს არის ჯგუფის წევრების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
"უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი მხიარული მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია ამ მომენტში უადგილოა.
ევროვიზიის წესების თანახმად, ახლოვდება სიმღერის გაგზავნის დღე, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ნამუშევარი მხოლოდ აუდიო ფორმატში გავაგზავნოთ, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპის ნაცვლად კი გამოვიყენოთ შავი ფონი, რათა გამოვხატოთ ჩვენი წილი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მიმართ.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ მალე შევძლებთ თქვენთვის ჩვენი ვიდეო-ნამუშევრის ჩვენებას, მას შემდეგ რაც ეს საშინელი მოვლენები დასრულდება და საზოგადოება ეტაპობრივად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.
და რა თქმა უნდა, Слава Україні! Героям слава!" - ამ ტექსტით გამოაქვეყნა მუსიკალურმა დუომ "ევროვიზიის" საკონკურსო სიმღერა იუთუბის არხზე დღეს, 9 მარტს. სიმღერას "Lock Me In" ჰქვია.