გაერო შიშობს, რომ ომის გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინელების 90% სიღატაკეში აღმოჩნდება
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსეთის საომარი მოქმედების გაჭიანურების შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპის 44-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 30% შესაძლოა სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს, ხოლო კიდევ 62%-ს წლის განმავლობაში ემუქრება სიღარიბის საფრთხე, - ამის შესახებ ნათქვამია 16 მარტს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოქვეყნებულ ადრეულ ანგარიშში.
გაეროს უწყება ეყრდნობა უკრაინის მთავრობის შეფასებას, რომლის თანახმად, ომის 20 დღის განმავლობაში უკრაინაში განადგურა 100 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები: ხიდები, გზები და საავადმყოფოები; გაჩერებულია უკრაინის საწარმოების სულ მცირე ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი შესაძლებლობებზე უფრო სუსტად მუშაობს.
გაეროს განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ მას, როგორც უკრაინაში მოქმედ გაეროს ყველაზე დიდ სტრუქტურას, კრიზისულ სიტუაციებზე დაუყოვნებლივ რეაგირების მხრივ მობილიზებული აქვს თავისი ფართო ქსელი, რათა საგანგებო სიტუაციების მართვისა და საჯარო სამსახურის მხარდაჭერით, დაეხმაროს უკრაინას ძირითადი სახელმწიფო ფუნქციების შესრულებაში.