ჯონსონი ამაყობს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით
კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა რუსეთთან სამომავლო ურთიერთობაზე და იმ სანქციებზე რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ მას დაუწესა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ამის საფასურს დიდი ბრიტანეთიც იხდის, თუმცა ბორის ჯონსონის განცხადებით, უმოქმედობა ბევრად უფრო ძვირად დაუჯდებოდათ და მომავალშიც თამამი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ პუტინის გაზსა და საწვავზე დამოკიდებულება დასრულდეს.
"დროა, რომ ჩვენს ენერგო მომარაგებაზე კონტროლი დავიბრუნოთ. ვლადიმერ პუტინმა თავი პირფერების გარემოცვაში ჩაიკეტა, მას რომ ჰყოლოდა თავისუფალი, მიუკერძოებელი, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები, მას ეცოდინებოდა სიმართლე, რომ უკრაინელები ამაყი ხალხია, ქარიზმატული ლიდერით. სანამ ამ დამღუპველი და არაადამიანური წამოწყების შესრულებას შეუდგებოდა, უნდა სცოდნოდა, რომ ისინი იბრძოლებდნენ თავისი სამშობლოს დასაცავად,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 11 მილიარდი დოლარი დაჯდა და რომლის მიზანია რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება.
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებით მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა ქვეყანამ, გაუფასურდა რუბლი და ქვეყნის გაღარიბების პროცესი გრძელდება.
ბორის ჯონსონის თქმით, პუტინი "არ გაჩერდება უკრაინაში" და "თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის განადგურებას საქართველოში, შემდეგ მოლდოვაში - ეს ნიშნავს დაშინების ახალი საუკუნის დასაწყისს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე".
ჯონსონის თქმით, დასავლეთმა არ უნდა მოახდინოს პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზება.
ამ დროისთვის რუსეთისთვის დაწესებლი სანქციები და ფინანსური კრიზისი გრძელდება რუსეთში და ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, შვეიცარიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, სრულად მიიღო რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, მათ შორის შვეიცარიის ბანკებში მათი ქონების გაყინვასთან დაკავშირებით.