ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა - BBC
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა, BBC-ს ცნობით ზელენსკი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც მანამდე რუსული კოლონა იდგა. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი.
BBC-ის შეკითხვაზე, ისევ შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მშვიდობის საკითხის განხილვა, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ ევროპაში ვართ, 21-ე საუკუნეში. ჩვენ, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, ძალისხმევას ვაგრძელებთ“.
ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".
ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.