უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს ხარკოვის ხელში ჩაგდებას
რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის დასაპყრობად და გაერთიანებული საბრძოლო ოპერაციის ზონაში მყოფ უკრაინის არმიაზე იერიშისთვის ემზადება, - ამის შესახებ 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
„მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი მოქმედებების განახლების სამზადისისკენ, რათა ალყაში მოაქციოს გაერთიანებული ძალები და დაეუფლოს ქალაქ ხარკოვს“, - ნათქვამია მოტუზიანიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგე ასევე ამზადებს სამედიცინო დაწესებულებებს „დიდი რაოდენობით დაჭრილების მისაღებად“.
მანამდე უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა ახორციელებს ძალების გადაჯგუფებას აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის განახლების მიზნით, აგრძელებს ხარკოვის ოლქის დაბომბვას და ძალების კონცენტრაციას ახდენს ბელარუსის ტერიტორიაზე.
„მტერი აგრძელებს ფართომასშტაბიან აგრესიას ჩვენი სახელმწიფო წინააღმდეგ. აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციის მომზადების მიზნით, მოწინააღმდეგის სარდლობა ახორციელებს მოიერიშე დაჯგუფების ოპერატიული მომზადების ელემენტების გაშლას და მართვის სისტემების გაძლიერებას. ისინი ახდენენ ჯარების გადაჯგუფებას და ცდილობენ გაიუმჯობესონ ტაქტიკური მდგომარეობა უკრაინის სამხრეთის ცალკეულ მიმართულებებზე," - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
ცნობაში არაფერია კონკრეტულად ნათქვამი იმაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი რუსეთის საოკუპაციო არმიის მასშტაბური იერიშის წამოწყება აღმოსავლეთ უკრაინაში. მაგრამ უკრაინის არმიის გენერალური შტაბი ასევე მიუთითებს, რომ საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა საავიაციო და სარაკეტო იერიშები უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ბელარუსში მოქმედი აეროდრომებიდან განახორციელოს.