რუსეთი ბიბილოვის რეფერენდუმის იდეის განხილვამდე "არჩევნების" შედეგებს დაელოდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი, რა რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, შეერთებულ შტატებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თაობაზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
„მოდით ჯერ არჩევნების შედეგებს დაველოდოთ, რომელიც სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს ჩატარდება, იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შემდეგ ვისაუბრებთ ყველაფერ დანარჩენზე - რეფერენდუმზეც, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზეც აშშ-ის ჩათვლით, ამაზე [საუბარი] დროზე ადრე არ ღირს“, - განაცხადა მან, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, დამატებით ხომ არ გააუარესებს ეს სცენარი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას.
30 მარტს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის და ფედერალური საბჭოს ცალკეულმა წევრებმა მოიწონეს. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ბიბილოვის განცხადებასთან დაკავშირებით არავითარ, მათ შორის არც იურიდიულ ნაბიჯებს არ დგამს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმს არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის შედეგებს.