საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატრიანსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრეა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ- მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს - აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ.
უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე.
"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო", - აღნიშნავს პრესსამსახური.
ეს შეხვედრა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციის წევრები არიან პარლამენტის წევრები: გია ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე.