ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს სატელეფონო საუბარში ნატოში გაწევრიანების შესახებ უამბო
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტე შაბათს ტელეფონზე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და აცნობა მას, რომ ჰელსინკი უახლოეს დღეებში ნატო-ს წევრობაზე განაცხადს შეიტანს.
ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიინისტოს ვლადიმირ პუტინისთვის უთქვამს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ქმედებებმა ფინეთი აიძულა ყურადღება მიექცია თავისი უსაფრთხოებისთვის, ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაეწყო. სატელეფონო საუბარში, ფინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჰელსინკი გააგრძელებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.
პუტინს ნიინისტოსთან საუბარში აღუნიშნავს, რომ " ფინეთის მხრიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმა არასწორი იქნება." ასევე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ფინეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა ასევე გააფრთხილა ნიინისტო, რომ ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 12 მაისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ფინეთმა ნატოს გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და აღნიშნა, რომ ნატო სრულად დაუჭერს მხარს ფინეთის ამ სუვერენულ გადაწყვეტილებას.