უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ რუსული ძალები სევეროდონეცკის ცენტრში პოზიციებს იმყარებენ
![უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ რუსული ძალები სევეროდონეცკის ცენტრში პოზიციებს იმყარებენ](https://gdb.rferl.org/0b930000-0aff-0242-b06b-08da42c84eaf_cx3_cy17_cw87_w800_h450.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა პოზიციები გაიმყარეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრში.
გენერალური შტაბის მიერ დღეს, 1 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგის იერიშები მიმდინარეობდა სევეროდონეცკის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში, ცალკეულმა ქვედანაყოფებმა წარმატებას მიაღწიეს და ქალაქის ცენტრში გამაგრდნენ.
ამერიკული სამხედრო, ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის მონაცემებით, ამჟამად რუსეთის ძალები, მათ შორის ჩეჩენთა ქვედანაყოფები აკონტროლებენ სევეროდონეცკის დაახლოებით 70%-ს, უკრაინის არმია კი, ქალაქიდან თანდათან გადის. ცენტრის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის სარდლობამ მთელი ძალების სევეროდონეცკის ასაღებად მობილიზების გამო მოაშიშვლა ფრონტის სხვა მონაკვეთები და უკრაინის არმიას მისცა ხერსონის ოლქში შეტევის შესაძლებლობა.
სევეროდონეცკი უკრაინის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს“ ხელმძღვანელმა, იან ეგელანდმა 31 მაისს, სააგენტო „როიტერს“-ს უთხრა, რომ სევეროდონეცკში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო შეწყდა ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია. ეგელანდის ინფორმაციით, სევეროდონეცკში მასშტაბური ნგრევაა და ხალხს არ აქვს წვდომა წყალზე, სურსათსა და მედიკამენტებზე. სავარაუდოა, რომ ქალაქში რჩება 15 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე.