"ლელო" ევროკავშირის გზაზე "მიშელის შეთანხმებასთან" დაბრუნებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს
ოპოზიციური პარტია "ლელო" ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შესასრულებელ რამდენიმე აუცილებელ პირობას ასახელებს. პარტიის პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებამ შესაძლოა საქართველო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში დატოვოს. ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია "ქართული ოცნება" "შარლ მიშელის შეთანხმებას" დაუბრუნდეს.
"მიშელის შეთანხმების" დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე", - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
მანვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება და მმართველი პარტია დააბრუნოს ამ შეთანხმების მონაწილე მხარედ.
"ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და, მეორეს მხრივ, "მიშელის შეთანხმებაში" მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით", - თქვა ხაზარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თანაპარტიელების მსგავსად აცხადებს, რომ ქვეყანა იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
"ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, სიმამაცე, სულ ახლახანს ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივის სურვილი ჩაგვეწერა კონსტიტუციაში, გვებრძოლა ამისთვის, დაგვეღვარა სისხლი, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე და ეს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს საქართველოს, ქართველ ხალხს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს და რუსეთის განწყობების პირისპირ თქვას გადამწყვეტი სიტყვა. ჯერი არის ახლა ევროკავშირზე და მის გადამწყვეტ სიტყვაზე", - უთხრა დღეს, 1 ივნისს, ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.
30 მაისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კი განაცხადა, რომ "საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის".
"დემოკრატიული არჩევნები, 5 ივლისის ძალადობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, უმცირესობების უფლებების და ჟურნალისტების დაცვა... საიდუმლო მოსმენების პრაქტიკა, ადამიანის უფლებებისა და კერძოდ, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ამ ყველაფრის გამო სათუო ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.