ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობენ
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა - ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ორში, სიას საქართველოს ნაკრების წევრები ლიდერობენ. 63 კილოგრამში რეიტინგს სათავეში უდგას ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძე, ხოლო უმძიმეს წონაში - 130 კილოგრამში - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი - იაკობ ქაჯაია.
ბერძნულ-რომაულში, მსოფლიოს მოწინავე ათეულში სულ ექვსი ქართველია: რამაზ ზოიძე (67 კგ) მეორე ადგილს იკავებს, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - მესამეს, ლაშა გობაძე (82 კგ) - მეექვსეს, ხოლო გიორგი მელია (97 კგ) - მეცხრეს.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) თავის წონაში მეორე ნომერია, ნიკა კენჭაძე (79 კგ) - მეექვსე, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) - მერვე.
ჭიდაობაში 2022 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი - სექტემბერში გაიმართება, ბელგრადში.