ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის რეზიდენციის მოხუცთა თავშესაფრისთვის გადაცემა იგეგმება
ყირგიზეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდმა კომენტარი გააკეთა სოციალ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციაზე, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა გადაწყვიტა ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპორტული კომპლექსი გახსნას კოი-ტაშში მდებარე თავის რეზიდენციაში- იუწყება რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური.
თავად ფონდის თანახმად, ატამბაევის მომხრეებს არ აქვთ უფლება აღნიშნულ შენობაში გახსნან სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბავშვებისთვის, ვინაიდან ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაშია. ყირგიზეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის განცხადების მიხედვით, "შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სამინისტროსთან" ერთად, ფონდმა შეიმუშავა მინისტრთა კაბინეტის განკარგულების პროექტი რეზიდენციაში უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის სოციალური სტაციონარული დაწესებულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად.
ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ფონდისა და ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის წარმომადგენლებს შორის დავა სოფელ კოი-ტაშში, რეზიდენციის ტერიტორიაზე. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო ფონდის მიერ ატამბაევის ოჯახის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია მისი წევრების გარეშე მოხდა.
2020 წლის 23 ივნისს ბიშკეკის პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით, კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლების ეპიზოდში. მოგვიანებით, ბიშკეკის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიმდინარე წლის მარტში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც.