ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება. ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ევროკომისრებთან და ევროპარლამენტის წევრებთან. მან მედიასთან ილაპარაკა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე.
„ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს ცნობილია. შესაბამისად, ჩვენი ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო, საქართველოს მთავრობა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში გააგრძელებს ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პროცესი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართელო ნამდვილად იმსახურებს შესაბამის გზავნილს, შესაბამის ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან. ჩვენი განხორციელებული რეფორმები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც სამინისტრო იუწყება, საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ბრიუსელში აკრედიტებული დიპკორპუსი.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.