სასამართლომ რუსეთში თათართა უძველესი ორგანიზაცია ექსტრემისტულად ცნო და მისი ლიკვიდაცია მოახდინა
რუსეთში თათრეთის უზენაესმა სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო და ლიკვიდაცია გაუკეთა სრულიად თათართა საზოგადოებრივ ცენტრს (ВТОЦ). სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, თუმცა ის გასაჩივრდება, იუწყება Idel.Реалии.
2021 წლის იანვარში ВТОЦ-ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება თათრეთის პროკურატურამ მოითხოვა. მან ექსტრემიზმის ნიშნები აღმოაჩინა თათარი აქტივისტების გამოსვლაში მე-16-ე საუკუნეში ყაზანის აღების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გარდა ამისა, პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ВТОЦ-ის ექსტრემისტულ ხასიათზე მისი წესდებაც მეტყველებს. სასამართლოს სახელმწიფო ექსპერტებმა დოკუმენტი შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცენტრის მოქმედება მიმართულია თათრეთის რუსეთის შემადგენლობიდან გასვლისკენ.
2021 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეაჩერა ВТОЦ-ის მუშაობა, "მათ მიერ ექსტრემისტული მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით". ამავე თვეში ВТОЦ-ის წინააღმდეგ აღძრეს ადმინისტრაციული საქმე, რუსების მიმართ მტრული განწყობის გაღვივებისთვის 15 ოქტომბრის მიტინგზე.
ამ მიტინგზე გაკრიტიკებულ იქნა კონსტიტუციაში გაჩენილი ცნება "სახელმწიფოს შემოქმედი ხალხი", რომელშიც, სავარაუდოდ, იგულისხმებოდნენ რუსები. ВТОЦ-ი თათრეთის პარლამენტისგან მოითხოვდა კანონის მიღებას, რომელიც თათარ ხალხს მოიხსენიებდა რესპუბლიკაში "სახელმწიფოს შემოქმედად". პროკურატურამ ორგანიზაციას ბრალი დასდო რუსების და თათრების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, როგორც "სახელმწიფოს შემოქმედი" და "კოლონიზებული" ხალხების. ამ საქმის გამო სასამართლომ ВТОЦ-ს ჯარიმის სახით 250 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.
ВТОЦ-ის ლიდერმა, ფარიტ ზაკიევმა უარყო ექსტრემიზმის ბრალდება და განაცხადა, რომ ცენტრი გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზაკიევმა რუსეთი 2022 წლის მარტში დატოვა.
სრულიად თათართა საზოგადოებრივი ცენტრი არის თათართა ეროვნული მოძრაობის ყველაზე ცნობილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება. ის 1988 წელს დაარსდა. ადრეულ 1990-იან წლებში ორგანიზაციამ მოითხოვა თათრეთისთვის სრულფასოვანი სუვერენიტეტის მინიჭება. ბოლო წლებში ВТОЦ-ი გამოდიოდა რესპუბლიკის საგანგებო სტატუსის მხარდაჭერით, ისევე, როგორც თათრული ენის, როგორც რეგიონში სახელმწიფო ენის დაცვის ინიციატივებით.