ჩინეთში ვიზიტისთვის გაკრიტიკებული ბაჩელეტი ამბობს, რომ ახალი ვადით არ იქნება გაეროს უმაღლესი კომისარი
"უმაღლესი კომისრის რანგში ჩემი ვადა იწურება, და ამ კომიტეტის ისტორიული, 50-ე სესია იქნება უკანასკნელი, რომელსაც მე ინფორმაციით წარვუდგები" - თქვა ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ოთხკვირიანი სესიის გახსნაზე 13 ივნისს. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მიმდინარე თვეში ათობით უფლებადამცველი ჯგუფი გამოვიდა მისი გადადგომის მოწოდებით - ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთში ვიზიტისას ბაჩელეტმა ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო პეკინის "სისასტიკეს". ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბაჩელეტს აკრიტიკებდა - რომ მან "ვიზიტისას ვერ შეძლო ჩინეთის ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკითხის მკაფიოდ დაყენება, უიღურთა უფლებების ხელყოფისთვის".
2 მილიონამდე უიღური, ყაზახი და სინიანის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფების სხვა წევრები ამ რეგიონის საპატიმრო ცენტრებში არიან გადაყვანილი - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ჩინეთი უარყოფს, რომ ეს ადგილები საპატიმრო ბანაკებია და მათ ოფიციალურად ხელახალი განათლების ბანაკებს უწოდებს, თუმცა პირები, რომლებმაც ბანაკებს თავი დააღწიეს, ამბობენ, რომ ათასობით ადამიანს იქ "პოლიტიკურ ინდოქტრინაციას" უქვემდებარებენ.