თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა რვა მედალი მოიპოვეს მსოფლიოს სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს სარეიტინგო ტურნირზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.
რომში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად გენო პეტრიაშვილმა იჭიდავა - 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი გახდა. ტარზან მაისურაძეს (86 კგ), მირიან მაისურაძესა (92 კგ) და გივი მაჭარაშვილს (97 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ - სამივე ფინალში დამარცხდა. თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), ზაურ ბერაძემ (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
რომის ტურნირის შედეგებით, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს რეიტინგს განაახლებს. 2022 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება სექტემბერში გაიმართება, ბელგრადში.