უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ისმის აფეთქებების ხმა, გრძელდება რუსეთის საჰაერო შეტევა
2 ივლისს, გამთენიისას უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ისმოდა აფეთქებების და გამაფრთხილებელი სირენის ხმა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ოდესასთან ახლოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა 21 სამოქალაქო პირი.
"ქალაქში მძლავრი აფეთქებებია! დარჩით თავშესაფრებში!" - წერს ნიკოლაევის მერი, ოლექსანდრ სენკევიჩი ტელეგრამით.
აფეთქებების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ნიკოლაევის რეგიონის სამხრეთით - რომელიც ოდესის რეგიონს ესაზღვრება - ისმოდა სარაკეტო თავდასხმების შესახებ გამაფრთხილებელი სირენის ხმა.
მანამდე უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქალაქ ოდესის მახლობლად 21 ადამიანი დაიღუპა და 38-ზე მეტი დაშავდა, ღამით საცხოვრებელ სახლსა და დასასვენებელ ბაზაზე რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რაკეტები ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში მდებარე საკურორტო დაბა სერგეევკაში მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს და დასასვენებელი ბაზის შენობებს.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერჰი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ მაშველებმა მიაკვლიეს 21 დაღუპულს. ორი დაღუპული, მათ შორის ერთი ბავშვი, იპოვეს დასასვენებელ ბაზაზე, რომელსაც მეორე რაკეტა მოხვდა.
საქმე ეხება სანატორიუმ "ვოლნას", რომელიც დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან 150 მეტრში მდებარეობს. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სანატორიუმი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ოდესაზე სარაკეტო შეტევა შავი ზღვის მხრიდან განხორციელდა. სარდლობის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალების სტრატეგიული ავიაციის Ту-22 ტიპის თვითმფრინავებიდან ოდესის ოლქს ესროლეს სამი რაკეტა Х-22.