რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 2023 წელს გერმანია გახსნის გათხიერებული გაზის ტერმინალებს
2023 წლის დასაწყისში გერმანია აამუშავებს გათხიერებული გაზის იმპორტის ორ დროებით ტერმნიალს - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი ინტერვიუში, რომელიც 2 ივლისს გამოაქვეყნა გამოცემამ Welt am Sonntag-მა. საერთო ანგარიშით, გერმანიის მთავრობა იქირავებს ოთხ ასეთ მოტივტივე ტერმინალს, რაც წარმოადგენს მის მძლავრ ძალისხმევას შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე.
"წელს უკვე გვაქვს ორი გემი, რომლებიც 2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში განთავსდება ვილჰელმსხაფენსა და ბრუნსბიუტელში" - ამბობს ჰაბეკი. მისი თქმით, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის გატარებული ზომები ინერგება სისწრაფით, "რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა გერმანიაში".
კლაუს მიულერი, რომელიც ხელმძღვანელობს ენერგიის მიწოდების საზედამხედველო ქსელურ სააგენტოს, გამოთქვამს შიშს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გერმანიას სრულად შეუწყვიტოს გაზის მიწოდება.
გამოცემა Welt am Sonntag-ი ასევე ავრცელებს გარემოს დაცვის საკითხებში ჰამბურგის წარმომადგენელი სენატორის, იენს კერსტანის სიტყვებს, რომ თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეამცირებს, ქალაქის მოსახლეობას შესაძლოა ცხელი წყლის მიწოდებაზე შეზღუდვები დაუწესდეს. "გაზის მწვავე დეფიციტის პირობებში, თბილი წყალი შესაძლოა მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთებში იყოს ხელმისაწვდომი" - ამბობს კერსტანი და მოქალაქეებს და კომპანიებს მოუწოდებს შეამცირონ ენერგიის გამოყენება, რათა მთავრობას მარაგის დაგროვების საშუალება მიეცეს ზამთრის სეზონის წინ. კერსტანის თქმით, ჰამბურგისთვის გამიზნული გათხიერებული გაზის დროებითი ტერმინალი 2023 წლის შუა პერიოდამდე არ შევა მოქმედებაში.
გასულ თვეში რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა გერმანიას, იტალიას, ავსტრიას, ჩეხეთის რესპუბლიკას და სლოვაკეთს, რის მიზეზადაც დაასახელა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის ტექნიკური პრობლემები. ასეთ ფონზე, ჰაბეკი ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა და რომ გერმანია რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, "სავაჭრო უთანხმოებაშია".