ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ეროვნულ ბანკს ეკონომიკის დაკრედიტების შეზღუდვის გამო აკრიტიკებს
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ეროვნულ ბანკს ეკონომიკის დაკრედიტების შეზღუდვის გამო აკრიტიკებს. როგორც ის განმარტავს, ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები არ უნდა გაზარდოს, რადგან დაკრედიტების შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.
„ახლა საუბარია იმაზე, როგორ შეაჩერონ ეკონომიკის ზრდა. სესხები თუ არ იქნება, ეკონომიკა ავტომატურად გაჩერდება. ამ დროს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა წინაპირობაა იმის, რომ გაიზარდოს. დოლარის დაკრედიტებას ამცირებენ კორპორატიული კლიენტებისთვის. თუ რეალური ეკონომიკური ზრდა გვინდა, უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უნდა განულდეს.
ეროვნულ ბანკს თითქოს ბაზრის გადახურების ეშინია და ამ გადახურებას 2007 წელს ადარებს, რასაც მსოფლიო კრიზისი მოყვა. ახლა რაც ხდება, საერთოდ არ ჰგავს 2007 წლის მდგომარეობას. დღევანდელი სიტუაცია სხვაა. ახლა არის განუზომლად დიდი შანსი, რომ ქვეყანა 100 ნაბიჯით წინ წავიდეს. 12%-მდეა ეკონომიკური ზრდა და ამას ხელს არ უწყობს სესხები“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის შესაძლო გაზრდაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი განცხადებით, სებ-ი გადაწყვეტილებას სიტუაციის ანალიზის შედეგად მიიღებს.
„ინფლაცია გლობალური პრობლემაა და ასევე დგას საკითხი საქართველოში. ჩვენ ვაანალიზებთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ინფლაციის ზრდის უკანაა. აქედან გამომდინარე, ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს, ყველა მიმდინარეობა, ყურადღების ქვეშაა.
არის სიტუაცია, როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო და დღევანდელ ვითარებაში ეს გახლავთ მაღალი დოლარიზაცია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შეიძლება ვერ შეასრულოს თავისი როლი და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ზომების მიღება გახდეს საჭირო. ეს არ იქნება უნიკალური საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ბევრი ბანკი აკეთებს ამას. რა გადაწყვეტილების მიღება მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმდინარეობა და როგორი ანალიზის შედეგი გვექნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა დამატებითი ზომების მიღება დააანონსა. სებ-ის მიერ მაისში გამოქვეყნებულ პრესრელიზში ასეთ ზომად დასახელდა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის ზედა ზღვრის (ამჟამად – 25%) გაზრდა.
სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. კერძოდ, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც.