"ჩვენ ვაპირებთ მთელი დონბასის გათავისუფლებას" - რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში
რუსეთი აპირებს "გაათავისუფლოს მთელი დონბასი" და არ აპირებს თავისი ჯარების გაყვანას უკრაინის სამხრეთიდან, - ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვაპირებთ გავათავისუფლოთ მთელი დონბასი", - თქვა კელინმა შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტი დასრულდეს. ელჩმა დასძინა, რომ მისთვის რთულია უკრაინის სამხრეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროგნოზირება, რადგან საკუთარი გამოცდილებიდან იციან, "თუ როგორ იწყება პროვოკაციები გასვლის შემდეგ, ყველას ხვრეტენ და ასე შემდეგ".
კელინის თქმით, ადრე თუ გვიან კიევმა უნდა გადაწყვიტოს, დადოს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან თუ "გააგრძელოს ვარდნა" სრულ კოლაფსამდე.
უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. "მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება", - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე საუბრის დროს, რუსეთის ლიდერმა ასევე მიანიშნა, რომ უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება, რადგან, პუტინის თქმით, რუსეთს "დიდი ანგარიშით ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია".
დასავლეთის ქვეყნებმა მკვეთრად დაგმეს რუსეთის შეიარაღებული შეჭრა უკრაინაში, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. მსოფლიოს შვიდი წამყვანი ეკონომიკის ჯგუფის, G7-ის ბოლოდროინდელ სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინაში ომი "უკანონო და გაუმართლებელია". უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების სიები თანდათან ფართოვდება. ბევრი წამყვანი რუსული ბანკი, თავდაცვითი სტრუქტურები, სხვადასხვა მსხვილი კომპანია, ბიზნესმენები და მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკვე არიან სანქციების ქვეშ.