რუსეთში დაიბლოკა die Welt-ის ვებსაიტზე წვდომა
რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა უწყებამ "როსკომნადზორმა", რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, დაბლოკა წვდომა გერმანული გამოცემის die Welt-ის ვებსაიტზე. "როსკომნადზორის" თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს "მასობრივი არეულობების, ექსტრემიზმის, უკანონო მასობრივ ქმედებებში მონაწილეობის მოწოდების შემცველი ვებსაიტების დაბლოკვის მარეგულირებელი წესების შესაბამისად."
Die Welt- ი (სახელი ითარგმნება როგორც "მსოფლიო") არის ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გერმანიაში 1946 წლიდან გამოდის. გამოცემის ტირაჟი 250 ათასზე მეტი ეგზემპლარია. Die Welt-ის კონცერნს ასევე აქვს სატელევიზიო არხი და ინტერნეტ პორტალი. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, Die Welt-ი აქტიურად ავითარებს რუსულენოვან სამსახურს. გამოცემამ არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მასში რუსულ ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების უმეტესობა ეძღვნება კონკრეტულად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და მის აღქმას ევროპაში.
Die Welt-ში სამთვიან სტაჟირებას გადიოდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანნიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, რის შემდეგაც მოუხდა რუსეთის დატოვება. ოვსიანნიკოვამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იგი გაზეთს ტოვებს.