პრეზიდენტი ბაიდენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს სავარაუდოდ, კვირის ბოლოდან დაუბრუნდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ანტივირუსული პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ მიღების 5-დღიანი კურსი დაასრულა და სიმპტომები პრაქტიკულად, აღარ აქვს. ამის შესახებ 26 ივლისს განაცხადა პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა კევინ ო’კონორმა.
ჯო ბაიდენს კორონავირუსი 21 ივლისს დაუდასტურდა, „პაქსლოვიდის“ მიღება კი, 25 ივლისს, საღამოს დაასრულა. ექიმის ინფორმაციით, პრეზიდენტს ყველა მაჩვენებელი ნორმაში აქვს და თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში განაახლა.
კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში, იზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს. ამ კვირაში პრეზიდენტი ტესტს გაიკეთებს და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს კვირის ბოლოდან დაუბრუნდება. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს ორი აცრის გარდა, გაკეთებული ჰქონდა ვაქცინის ბუსტერ-დოზა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა დაავადების მსუბუქი ფორმა.