ყაველაშვილი: ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას!
დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნების" რიგები 28 ივნისს, კოლეგებთან - სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დატოვა, „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გეგმავენ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.
„ვფიქრობთ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას!" - დაწერა პოლიტიკოსმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა, ხუნდაძემ და სუბარმა მმართველი პარტიის დატოვების მიზეზად „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.
მმართველი პარტიიდან გასვლის შემდეგ მათ არაერთი განცხადება მიუძღვნეს აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს.
„ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.
იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება, ვალდებულია [უპასუხოს]..." - ამბობდა მიხეილ ყაველაშვილი.
პარლამენტის ვებსაიტზე დეპუტატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მისამართით საყვედურის შინაარსით წერილი გამოაქვეყნა.
მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ დეგნანმა 8 ივლისს ისაუბრა.
„ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.
დღეს, 27 ივლისს გავრცელებული წერილით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.
ივანიშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: „როცა მე კელი დეგნანს ეს შეკითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი, ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი, სიმართლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები - საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა, რა მოგივიდათ, მერამდენედ მიწევს ამის გამეორება, რაღაცა სხვა რამეზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა და კიდევ ერთხელ აღარ გამამეორებინოთ, ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია".