უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში სამშაბათს ჩავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი.
"დღეს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ბოსფორში ჩავიდა, შავ ზღვის სპეციალური დერეფნის გავლით, რომელიც შეთანხმდა ჩვენი პორტების განბლოკვაზე მოლაპარაკების დროს. ჩვენი მიზანი ახლა იმაშია, რომ იყოს რეგულარულობა: ისე, რომ როდესაც ერთი გემი ტოვებს პორტს, იქ უკვე უნდა იყოს სხვა, რომელიც იტვირთება, ასევე ის, რომელიც პორტს უახლოვდება. უწყვეტობა და რეგულარულობა აუცილებელი პრინციპია. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ყველა მომხმარებელს ეს სჭირდება", - თქვა ზელენსკიმ ღამის ვიდეო მიმართვაში.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერში დაწერა, რომ ხომალდმა Razon-მა ღუზა ჩაუშვა დანიშნულ ადგილზე. ხომალდმა, რომელსაც 26 ათასი ტონა სიმინდი გადაჰქონდა, ოდესა 1 აგვისტოს დილით დატოვა და გეზი ლიბანის პორტ ტრიპოლისკენ აიღო.
თავიდან მოსალოდნელი იყო, რომ სატვირთო გემი სტამბოლში 2 აგვისტოს დილით ჩავიდოდა, მაგრამ შემდეგ ჩამოსვლის დრო შეიცვალა. Razon-ი უკრაინის წყლებში არსებული შესაძლო ნაღმების გამო თავიდან ძალიან ნელა მოძრაობდა, მაგრამ შემდეგ შეძლო სიჩქარის განვითარება.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.