107 ათასი 3 სერიისთვის - თავდაცვის სამინისტრო ჯარზე ფილმის გადაღებას აგრძელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 106 589 ლარს დახარჯავს ჯარის პოპულარიზაციისთვის სერიალის სამი სერიის გადასაღებად. უწყება მომსახურებას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ყიდულობს და კომპანია უკვე შერჩეული ჰყავს. ახალ სერიებსაც შპს 20 Steps Productions გადაიღებს.
უწყბის განმარტებით, სერიალის მიზანია ქართული ჯარის პოპულარიზაცია, ვეტერანებისთვის პატივის მიგება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების ანალიზი და საზოგადოების ინფორმირება ქართველი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ოპერაციების წარმატებით შესრულებული მისიების შესახებ - "ტელესერიალის პროექტის მიხედვით, თითოეულ სერიაში აღწერილია კონკრეტული სამხედრო მოსამსახურის ისტორია და მის სამხედრო კარიერაში რეალურად მომხდარი ამბავი".
იმის მიუხედავად, რომ თავდაცვის სამინისტრო თითქმის ორი წელია იღებს ამ სერიალს მის მიერ წინასწარ შერჩეულ კომპანიასთან, რომელსაც ამ ახალი სამი სერიის გადაღებასაც უკვეთავს, შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ წინასწარ ვერ დაგეგმავდა ახალი სერიების გადაღებას.
შპს 20 Steps Productions-თან სერიების გადასაღებად ხელშეკრულებები დადებულია:
2020 წლის 3 აგვისტო - 7 სერია (299 994 ლარი);
2021 წლის 12 ივლისი - 3 სერია (131 865 ლარი);
2021 წლის 14 სექტემბერი - 4 სერია (172 192 ლარი).
"უკვე გადაღებულია 15 სერია, აქედან 11 სერიის ტელევიზიაში გასვლისთანავე ფართო მასებში დიდი მოწონება დაიმსახურა. საზოგადოების დიდი ინტერესის გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებით მეორე სეზონის ... გადაღების შესახებ.
აღნიშნული 3 (სამი) სერიის შეზღუდულ ვადაში გადაღების აუცილებლობა განპირობებულია უკვე გადაღებულ 4 (ოთხი) სერიასთან მათი დროული თანმიმდევრობის დაცვის აუცილებლობით, ხოლო შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ვერ იქნებოდა წინასწარ დაგეგმილი რადგან, ასეთი გადაწყვეტილება პროექტის 15 (თხუთმეტი) სერიის გადაღების და მისი წარმატებული გაშუქების შემდეგ იქნა მიღებული", - ასე ასაბუთებს თავდაცვის სამინისტრო ახალი სერიების დაჩქარებულად გადაღების აუცლებლობას.
გადაღებული სერების ნაწილი ტეკეკომპანია "იმედის" ეთერში გადაიცა და თავდაცვის სამინისტროს "ფეისბუკის" გვერდით გავრცელდა. ამ დროის მონაცემებით, სერიალი 711 ათას ლარამდე ჯდება. სერიალის დასრულების დროს ჩნდება წარწერა, რომ იდეეის ავტორი მაშინდელი თავდაცვის მინისტრი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია.